უკრაინაში მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ათწლეულების წინ საშინელი ავარიის შედეგად განადგურდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამ ტერიტორიაზე ბირთვული რეაქციები ისევ მიმდინარეობს.
Science იუწყება, რომ ურანის საწვავის ნარჩენებში, რომლებიც სადგურის ნამსხვრევებშია დამარხული, ბირთვული დაშლის რეაქციები დაიწყო. განმეორებითი პოტენციური კატასტროფის წინაშე მდგომი ექსპერტები იმის გარკვევას ცდილობენ, გააქტიურებულ რადიოაქტიურ ნარჩენებში რეაქციები თავისით შეწყდება, თუ მათ შესაჩერებლად ადამიანის ჩარევა გახდება საჭირო.
ბირთვული ელექტროსადგურების უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა (ISNPP) — კიევში მდებარე უკრაინის ბირთვული უსაფრთხოების ორგანიზაციამ, აღმოაჩინა, რომ ამ ბირთვული რეაქციების სიძლიერე თანდათან იზრდება. თუმცა, ეს ზრდა ძალიან ნელა მიმდინარეობს, ამიტომ მეცნიერებს და ოფიციალურ პირებს რამდენიმე წელი აქვთ პირველ რიგში იმის გასარკვევად, არსებობს თუ არა ახალი კატასტროფის განვითარების საფრთხე და, შემდეგ, მისი პრევენციისთვის საუკეთესო გზის საპოვნელად.
“ამ საკითხის გარშემო ჯერჯერობით ბევრი გაურკვევლობაა, მაგრამ კატასტროფის შესაძლებლობას ვერ გამოვრიცხავთ”, — განუცხადა Science-ს ISPNPP-ის წარმომადგენელმა, მაქსიმ საველიევმა.
Science-ს მიხედვით, ამ ამბის ერთადერთი დადებითი მხარე ის შეიძლება იყოს, რომ რაც არ უნდა მოიმოქმედონ ISPNPP-მა და სხვა პირებმა ჩერნობილში, ეს შემთხვევა შეიძლება იაპონელებს ფუკუშიმას ბირთვული ელექტროსადგურის უკეთ მართვაში დაეხმაროს. ეს უკანასკნელი 2011 წელს ავარიის შედეგად განადგურდა.
თუმცა, სანამ იაპონელები რაიმე გამოცდილებას გაიზიარებენ და ჩერნობილის მაგალითზე გაკვეთილს ისწავლიან, პირველ რიგში, მეცნიერებმა აქტიურ ურანამდე უნდა მიაღწიონ. ის ფაქტი, რომ იგი ბეტონის ქვეშ არის დამარხული და მის გარშემო რადიაქტივობის საშიში დონეა, ამ მზარდ პრობლემასთან გამკლავებას კიდევ უფრო გაართულებს.
წყარო: www.on.ge