კომპანია Samsung-მა გამოუშვა პორტატული მყარი დისკის ახალი მოდელი T7 Shield. ეს პროდუქტი მიეკუთვნება პორტატული მყარი დისკების T სერიას, იგი ორიენტირებულია პროფესიონალ მომხმარებლებზე, რომლებიც ხშირად მუშაობენ დიდი მოცულობის მონაცემებთან. ძირითადად ესენი არიან კონტენტის შემქმნელები და ფოტოგრაფები. ახალი მყარი დისკი გამოირჩევა დარტყმაგამძლეობით, წყლისა და მტვრისგან დაცვით, აპარატული დაშიფვრის ფუნქციით, აგრეთვე მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარით. პროდუქტის მოცულობა 2 ტერაბაიტამდეა.
დამაკავშირებელი ინტერფეისია USB Type-C USB 3.2 Gen2-ის მხარდაჭერით და PCIe/NVMe-თავსებადი ინტეგრირებული SSD-ით. მონაცემთა გადაცემის სიჩქარეა 1050 მბ/წამამდე წაკითხვისას და 1000 მბ/წმ – ჩაწერისას, რაც ამ დრომდე არსებული T7 სერიის ეკვივალენტურია. შედეგად ახალი მყარი დისკი წარმოადგენს იდეალურ მაღალი წარმადობის პორტატულ სანახ სივრცეს. სერიაში შედის ორი – 1 ტბ და 2 ტბ მოცულობის მოდელი.
მიუხედავად იმისა, რომ პორტატული SSD-ის ტექნიკური მახასიათებლები დიდწილად უცვლელია წინა მოდელებთან მიმართებაში, T7 Shield-ის ყველაზე გამორჩეული თვისებაა უმაღლესი გამძლეობა, რითიც წინა სერიის მოდელებს აღემატება.
T7 Shield-ის კორპუსის დათვალიერებისას ვხედავთ, რომ თითქმის მთელი ზედაპირი დაფარულია სქელი რეზინით. შედეგად იგი უფრო გამძლეა დარტყმების მიმართ. წინა სერიის მოდელები 2 მეტრამდე სიმაღლიდან ვარდნას უძლებს, T7 Shield-ის გამძლეობა კი 3 მეტრამდე გაიზარდა.
T7 Shield-ს ასევე აქვს IP65 სტანდარტის დაცვა წყლისა და მტვრისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მტვერი მოწყობილობაში ვერ მოხვდება, წყლის შხეფები კი დამაზიანებელ შედეგს არ გამოიღებს. მყარი დისკი წყალში ჩაძირვას დიდად ვერ გაუძლებს, თუმცა ღია სივრცეში წვიმის დროს პრობლემები არ შეექმნება.
ამრიგად, T7 Shield-ის მთავარი განსაკუთრებულობაა მკაცრ გარემო პირობებში გამოყენების შესაძლებლობა დარტყმის, წყლისა და მტვრის გამძლეობის წყალობით. შედეგად მყარი დისკი უსაფრთხოა ღია სივრცეში მუშაობისას.